როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა მსოფლიო პანდემიის დროს?
ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ წითელი პარასკევის საღამოა, სამსახურიდან ვბრუნდები და მეგობრებს ვწერ, რომ საღამოს „დრამა ბარში“ მივდივართ, შემდეგ „მტკვარზე“ და შემდეგ ღმერთმა იცის, რომელ კლუბში გადავალთ. ეს ყველაფერი პარალელურ დროში თუ სამყაროში ხდება, სინამდვილეში კი სავარძელში ვარ მოკალათებული და ვფიქრობ, რამდენი სიტყვის დაწერას შევძლებ. წითელი პასაკევი ქრისტიანებისთვის დრამატული დღეა, თუმცა ამ წელს ყველაფერი შეიცვალა და პირიქით, ნაკლებად მორწმუნეები უფრო მეტად განვიცდით იმას, რაც უკვე მესამე თვეა ჩვენი რეალობის ნაწილია. გუშინ მანქანებით გადაადგილება აკრძალეს და უკვე შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ვკარგავთ. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ეს უფლება აქვთ, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებენ.
საინტერესოა, რა ხდება სხვა ადამიანების თავებში, რაზე ფიქრობენ, რა ენატრებათ ყველაზე მეტად, რა ამწუხრებთ, დაკარგეს თუ არა იმედი...მგონი, ყველაზე მეტად იმან დაგვამწუხრა, რომ არასოდეს გვქონია ამხელა კონტროლი სხვების ჯანმრთელობაზე. წარმოიდგინეთ, საკუთარ ჰიგიენაზე ზრუნვით შეიძლება სხვები გადავარჩინოთ.
ალბათ ყველა რეკომენდაცია ზეპირად ვიცი, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება მსოფლიო პანდემიის დროს, მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ამიტომ მაინც დავგუგლე. თუ ბლოგია, ბოლომდე ბლოგი იყოს და დავწერ, მე როგორ ვიცავ თავს.
პირველ რიგში, სამტრედიაში, ჩემს სოფელში გამოვიქეცი, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებში ეს ნამდვილად არ წერია.
სახლიდან საერთოდ არ გავდივარ, მხოლოდ ჰამაკში თუ მოვკალათდები და რამეს წავიკითხავ. იმერეთში რთულია დისტანციის დაცვა, კოცნების თავიდან არიდება - ამიტომ, თითქმის არ ვნახულობ მეზობლებს და თუ შემთხვევით დამინახავენ, შორიდან ვესალმები, სახლში შემოსვლისას კი ანტისეპტიკურ ხსნარს მივიპკურებ და ვარ ასე, დამშვიდებული და სუფთა. სახეზე ხელის მოკიდება არ შეიძლებაო, უფრო სწორად, შეზღუდეთ თვალებზე, პირზე და ცხვირზე ხელების ფათურიო. ეს ყველაზე მეტად გამიჭირდა, ვაღიარებ, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ეს ჩემი სახის კანზეც დადებითად მოქმედებდა, ყოყმანი შევწყვიტე და ხელებიც დავაოკე;
შემდეგი რამ, რაც ჩემი აზრით აუცილებელია, ინფორმაციის ზომიერად მიღებაა. ზომიერებას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ერთი კვირის წინ, ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ფონზე დედაჩემს სტრესის დონე აეწია, თერმომეტრმაც არ დააყოვნა და 37.8 გრადუსი გამოისახა. აი, აქ გაუმართლა, რომ ფსიქოლოგი შვილი ვყავარ, ვესაუბრე, დამშვიდდა და მეორე დღეს უკვე სიცხე აღარ ჰქონდა.
ზოგადად, ქართველებს ზომიერების დაცვა გვიჭირს, თუმცა მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ სანდო წყაროს ინფორმაციებს წავიკითხავდი ( დიახ, წავიკითხავდი და არ მოვუსმენდი) და ისიც დღეში რამდენჯერმე. ტელევიზორის არსებობა სრულიად დავივიწყე, რადგან ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაბატონებული პანიკური დიქცია საშინლად მსტრესავს.
ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ ახლა მენტალურ სტაბილურობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ვიცი, ორ სიტყვაში ჩემს სათქმელს ვერ ჩავატევ, ვერც პირდაპირი და ვერც გადატანითი მნიშვნელობით.
დღეებს არ ვითვლი, მაგრამ ალბათ 1 თვეა, რაც სამსახურში მითხრეს, შენივე უსაფრთხოებისთვის ჯობს, სახლიდან იმუშაოო. ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, ბევრს ვიძნებ, წავიკითხავ, დასეივებულ სერიალებს ვუყურებ და ბლოგების წერას დავიწყებ მეთქი. 2 დღე ძალიან არხეინად ვიყავი, მესამე დღეს კი მივხვდი, რომ დისკომფორტს ვგრძნობდი, ოღონდ ვერ მივაგენი იმ ხიჭვს, რომელიც ასე მიშლიდა ნერვებს. ეს გავიფიქრე და სოფელში აღმოვჩნდი, დიდ სახლში, მწვანე ეზოთი და საყვარელი ადამიანებით გარშემოტყმული. ჩემ თავი გამოვიწვიე : დილით აუცილებლად უნდა ჩამეტარებინა სახის რუტინა, მევარჯიშა, მემუშავა, მესწავლა, დამეწერა დავალებები, ვყოფილიყავი კარგი შვილი, და, მეგობარი...
![]() |
Yoga Illustration |
მოკლედ, ალბათ მიხვდით, რომ ეს სიმძაფრე იმიტომ შემოვიტანე, რომ სიტუაცია უკეთ აღგექვათ - დიახ, მე გადავიწვი, მაგრამ საკუთარ თავი "შევაკეთე" და ახლა შემიძლია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ: პირველ რიგში, იოგა მატის დაფენა და ვარჯიშის დაწყება არ არის საჭირო, არც დუოლინგოზე შესვლა და ფრანგულისა და ესპანურის სწავლა, არც კულინარიის გადატრიალება... უბრალოდ უნდა ვაკეთოთ ისეთი რამეები, რასაც მანამდე ვაკეთებდით. არ არის საჭირო, რომ ვიყოთ იმაზე პროდუქტიულები, ვიდრე მანამდე. მესმის, ძალიან რთულია, უყურებდე „ინფლუენსერებს“ და ხედავდე, როგორ იდეალურად ატარებენ დროს კარანტინისას, მაგრამ come on, ინსტაგრამი დიდი ტყუილია და შეგიძლიათ ამაზე უბრალოდ გაიცინოთ.



Comments
Post a Comment